სარძევე ჯირკვლის დაავადებების ადრეული გამოვლენა გადამწყვეტია წარმატებული მკურნალობისთვის. სწორედ ამიტომ, ძუძუს მამოგრაფიული სკრინინგი თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევაა. თუმცა, როგორ უნდა ავარჩიოთ შესაბამისი მამოგრაფიული კვლევა? ამ ეტაპზე არსებობს ორი სახის მამოგრაფია: 2D (სტანდარტული) და 3D (ტომოსინთეზი) მამოგრაფია. მათ შორის არსებითი განსხვავებაა, რაც გავლენას ახდენს კვლევის სიზუსტესა და ინფორმაციულობაზე.
კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის რადიოლოგი, ნინო ნუგზარიშვილი, გვიხსნის, რა განსხვავებაა ამ მეთოდებს შორის და რომელ შემთხვევაში რომელი კვლევაა რეკომენდებული.
2D მამოგრაფია – სტანდარტული სკრინინგი
2D მამოგრაფია ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მეთოდია, რომლის დროსაც სარძევე ჯირკვლის გამოსახულება მიიღება ორ სიბრტყეში. თუმცა, ამ მეთოდს აქვს გარკვეული შეზღუდვები: სტრუქტურების ჩრდილების ზედდება, რაც იძლევა სუმაციურ გამოსახულებას და ხშირ შემთხვევაში ართულებს ვიზუალიზაციას, შესაძლებელია მცირე ცვლილებების გამორჩენა, ხშირია დამატებითი კვლევების საჭიროება.
3D მამოგრაფია (ტომოსინთეზი) – ინოვაციური მიდგომა
3D მამოგრაფია შედარებით ახალ ეტაპს წარმოადგენს ძუძუს პათოლოგიების ადრეულ დიაგნოსტიკაში. ამ მეთოდის მთავარი უპირატესობაა შრეობრივი გამოსახულების მიღება, რაც უზრუნველყოფს: ჩრდილების ზედდების ეფექტის შემცირებას, წარმონაქმნების უკეთეს ვიზუალიზაციას, მაღალი სიმკვრივის ქსოვილის უკეთ შეფასებას. უმაღლესი სიზუსტის დიაგნოზს,
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტომოსინთეზი არქიტექტურული დეზორგანიზაციის შეფასებისას, რაც ხშირად ასოცირდება სარძევე ჯირკვლის დაავადებებთან.
საუკეთესო აპარატი თბილისში – ხარისხი, სიზუსტე და უსაფრთხოება
ჩვენი კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე 3D მამოგრაფიული სისტემით, რომელიც ერთჯერადი დასხივებით უზრუნველყოფს როგორც 2D, ასევე 3D გამოსახულებების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ:
კვლევა სწრაფია და კომფორტული,
პაციენტი იღებს მინიმალურ დასხივებას,
შედეგი მაქსიმალურად დეტალური და სანდოა.
რომელი კვლევა უნდა აირჩიოთ?
პროფილაქტიკური სკრინინგისთვის – თუ არ გაქვთ საეჭვო სიმპტომები და გეგმავთ რეგულარულ შემოწმებას, 2D მამოგრაფია საკმარისია.
მაღალი სიმკვრივის ქსოვილის შემთხვევაში – რეკომენდებულია 3D მამოგრაფია, რადგან უზრუნველყოფს მკაფიო გამოსახულებას და სიზუსტეს.
თუ 2D მამოგრაფიაზე გამოვლინდა საეჭვო ცვლილებები – 3D მამოგრაფია საშუალებას იძლევა უფრო დეტალურად მოხდეს სარძევე ჯირკვლის შეფასება.
- ნახვები:2124