2026-07-29

სიმსუქნე და კიბო როგორც მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორი

სიმსუქნე  XXI საუკუნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად მიიჩნევა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ათწლეულებში მისი გავრცელება საგრძნობლად გაიზარდა. ჭარბი წონა უკავშირდება არა მხოლოდ მეტაბოლურ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, არამედ სხვადასხვა ტიპის ავთვისებიან სიმსივნეებსაც.  თანამედროვე სამეცნიერო მტკიცებულებების თანახმად, სხეულის ჭარბი მასა კიბოს განვითარების მნიშვნელოვანი და რაც განსაკუთრებით საყურადღებოა  მოდიფიცირებადი (მართვადი) რისკ-ფაქტორია.

შესაბამისად, სიმსუქნის პრევენცია და წონის კონტროლი ონკოლოგიური დაავადებების თავიდან აცილების ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას წარმოადგენს. ამ საინტერესო თემაზე გვესაუბრება „კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის“  ენდოკრინოლოგი მაია ნიშნიანიძე.

 

სიმსუქნის განსაზღვრა და ეპიდემიოლოგია

სიმსუქნე განისაზღვრება,  ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი დაგროვებით, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. მისი შეფასების ყველაზე გავრცელებული მეთოდია სხეულის მასის ინდექსი (სმი), რომელიც გამოითვლება სხეულის მასის (კგ) შეფარდებით სიმაღლის კვადრატთან (მ²). 30 კგ/მ² და მეტი მაჩვენებელი სიმსუქნედ ითვლება.

ბოლო წლებში სიმსუქნემ გლობალური ეპიდემიის სახე მიიღო. მისი გავრცელების ზრდა დაკავშირებულია არაჯანსაღ კვებით ჩვევებთან, ფიზიკური აქტივობის შემცირებასთან, ურბანიზაციასთან და ცხოვრების თანამედროვე წესთან. აღნიშნული ფაქტორები მნიშვნელოვნად ზრდის არა  მხოლოდ ქრონიკული არაგადამდები დაავადებების, არამედ ონკოლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკსაც.

 

კავშირი სიმსუქნესა და კიბოს შორის

მრავალრიცხოვანი ეპიდემიოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ სიმსუქნე უკავშირდება სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს განვითარების მაღალ  რისკს.  მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

 

  • ძუძუს კიბო (პოსტმენოპაუზურ ქალებში)
  • კოლორექტული კიბო
  • ენდომეტრიუმის კიბო
  • თირკმლის კიბო
  • საყლაპავის ადენოკარცინომა
  • ღვიძლის კიბო
  • პანკრეასის კიბო
  • ნაღვლის ბუშტის კიბო
  • საკვერცხის კიბო
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბო

 

კვლევების თანახმად, სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად იზრდება კიბოს განვითარების რისკიც. ამასთან, სიმსუქნე უარყოფით გავლენას ახდენს დაავადების მიმდინარეობასა და მკურნალობის ეფექტურობაზე.

ჭარბ წონასა და ონკოლოგიურ დაავადებებს შორის არსებული კავშირი რამდენიმე ბიოლოგიური მექანიზმით აიხსნება.

 

ქრონიკული ანთება

სიმსუქნის დროს ცხიმოვანი ქსოვილი ფუნქციურად იცვლება, მოქმედებს როგორც ჰიპერაქტიური ენდოკრინული ორგანო და დიდი რაოდენობით პროანთებით მედიატორებს გამოყოფს. ქრონიკული დაბალი ინტენსივობის ანთება ხელს უწყობს დნმ-ის დაზიანებას, უჯრედების პროლიფერაციასა და სიმსივნური პროცესის განვითარებას.

 

ჰორმონული ცვლილებები

ცხიმოვანი ქსოვილი მონაწილეობს ესტროგენების სინთეზში. პოსტმენოპაუზურ ქალებში ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი იწვევს ესტროგენის დონის ზრდას, რაც დაკავშირებულია ძუძუსა და ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების მომატებულ რისკთან.

 

ინსულინრეზისტენტობა და ჰიპერინსულინემია

სიმსუქნე ხშირად ასოცირდება ინსულინრეზისტენტობასთან. სისხლში ინსულინისა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორის (IGF-1) მაღალი დონე ასტიმულირებს უჯრედების ზრდასა და გამრავლებას, რაც ზრდის ავთვისებიანი ტრანსფორმაციის ალბათობას.

 

ადიპოკინების დისბალანსი

სიმსუქნის დროს იცვლება ადიპოკინების  ლეპტინისა და ადიპონექტინის  ბალანსი. ლეპტინის მომატებული და ადიპონექტინის შემცირებული დონე ხელს უწყობს ანგიოგენეზს (ახალი სისხლძარღვების წარმონაქმნს), უჯრედების გამრავლებასა და სიმსივნური პროცესის პროგრესირებას.

 

იმსუქნე როგორც მოდიფიცირებადი ფაქტორი

კიბოს მრავალი რისკ-ფაქტორისგან განსხვავებით, სიმსუქნე მოდიფიცირებად (მართვად) ფაქტორს წარმოადგენს. სხეულის მასის შემცირება, ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც სიმსუქნის, ისე მასთან დაკავშირებული ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს.

 

პრევენციული ღონისძიებები მოიცავს:

  • დაბალანსებული და ენერგეტიკულად ადეკვატური კვების დაცვა
  • ხილისა და ბოსტნეულის მოხმარების გაზრდა
  • პროცესირებული  მაღალკალორიული საკვების შეზღუდვა
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობა
  • სხეულის მასის კონტროლი მთელი ცხოვრების განმავლობაში
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამების დანერგვა სიმსუქნის პრევენციის მიზნით.

 

ამრიგად, სიმსუქნე ონკოლოგიური დაავადებების განვითარების მეცნიერულად დასაბუთებულ და მოდიფიცირებად რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მისი უარყოფითი ეფექტები რეალიზდება ქრონიკული ანთების, ჰორმონული დისბალანსის, ინსულინრეზისტენტობისა და სხვა ბიოლოგიური მექანიზმების გზით. სამეცნიერო მონაცემები მოწმობს, რომ წონის ოპტიმიზაცია და ცხოვრების წესის გაუმჯობესება ამცირებს სისტემურ ანთებას, აწესრიგებს მეტაბოლურ პროფილს და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას.

სიმსუქნის პრევენცია და ეფექტიანი მართვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ონკოლოგიური ავადობის ტვირთის შემცირებაში როგორც ინდივიდუალურ, ისე პოპულაციურ დონეზე. შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და სიმსუქნის გავრცელების შემცირებისკენ, რაც ონკოლოგიური დაავადებების პოტენციური რისკების შემცირების ერთ-ერთ დამხმარე სტრატეგიად მოიაზრება.

  • ნახვები:3

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები