2026-06-29

უტერო-ვაგინალური პროლაფსი

უტერო-ვაგინალური პროლაფსი მენჯის ფსკერის ორგანოთა დისფუნქციის (დაწევის) ფორმაა, რომლის დროსაც საშოს კედლების ან საშოს მწვერვალის ნორმალური ანატომიური პოზიცია ქვემოთ გადაადგილდება.

აღნიშნული პათოლოგია განპირობებულია მენჯის ფსკერის კუნთოვანი სისტემის, ფასციების ან/და იოგოვანი აპარატის სტრუქტურული დასუსტებით.

უტერო-ვაგინალური პროლაფსი შესაძლოა კლინიკურად გამოვლინდეს საშოს წინა კედლის (ცისტოცელე), უკანა კედლის (რექტოცელე) ან საშვილოსნოს დაწევით. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პათოლოგიური პროცესი ხშირად კომბინირებული ხასიათისაა და ერთდროულად რამდენიმე ანატომიურ სეგმენტს მოიცავს.

 

უტერო-ვაგინალური პროლაფსის განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მშობიარობა – განსაკუთრებით ანამნეზში მრავალჯერადი ან ტრავმული (ინსტრუმენტული) მშობიარობის არსებობა;
  • ინვოლუციური (ასაკობრივი) ცვლილებები – პოსტმენოპაუზური პერიოდი და მასთან ასოცირებული ესტროგენული დეფიციტი;
  • ქრონიკულად მომატებული მუცლისშიდა წნევა – განპირობებული ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სიმსუქნე, ქრონიკული ხველა, კონსტიპაცია (ყაბზობა) და ხშირი ჭინთვა;
  • მძიმე ფიზიკური შრომა – სიმძიმეების სისტემატური აწევა და დატვირთვა;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა – შემაერთებელი ქსოვილის თანდაყოლილი სისუსტე (მაგ. კოლაგენოპათიები);
  • მენჯის ღრუს ორგანოებზე გადატანილი ქირურგიული ჩარევები – მათ შორის, ჰისტერექტომია ანამნეზში.

კლინიკური სურათი ხშირად ხასიათდება მენჯის არეში სიმძიმის, ზეწოლისა თუ საშოში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნებით. შორსწასულ შემთხვევებში ვლინდება საშოდან ანატომიური სტრუქტურების  გამოვარდნა.

 

ტერო-ვაგინალური პროლაფსის თანმხლებდისფუნქციები

  • უროლოგიური დარღვევები: ხშირი შარდვა,  შარდვის გაძნელება ან შარდის შეუკავებლობა;
  • გასტროინტესტინალური დისფუნქცია: დეფეკაციის გაძნელება ან ნაწლავთა მოქმედების სხვა დარღვევები;
  • სექსუალური დისფუნქცია: დისპარეუნია (დისკომფორტი და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს);
  • ქრონიკული ტკივილის სინდრომი: დისკომფორტი და სიმძიმის შეგრძნება წელისა და მენჯის არეში

 

რაც შეეხება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრას, აქ ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო პაციენტის ასაკის, სიმპტომების სიმძიმის და ანატომიური სტრუქტურების დაწევის ხარისხის გათვალისწინებით.

არაქირურგიული (კონსერვატიული) მკურნალობა მოიცავს:

  • მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშებს (ე.წ. კეგელის ვარჯიშები);
  • ჭარბი წონის კორექციას (წონის კლებასა და კონტროლს);
  • ქრონიკული ხველისა და ყაბზობის მკურნალობას, რაც მუცლის პრესის დატვირთვას ამცირებს;
  • სპეციალური რგოლის (პესარიუმის) გამოყენებას, რომელიც საშოში თავსდება და ორგანოებს დაწევისგან იცავს;
  • ადგილობრივ ჰორმონულ (ესტროგენულ) თერაპიას მენოპაუზის პერიოდში.

 

ქირურგიულ მკურნალობას ექიმები მაშინ მიმართავენ, როდესაც დაწევა მძიმე ხარისხისაა ან სიმპტომები საგრძნობლად აფერხებს პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებას. ოპერაციული მეთოდები მოიცავს აღდგენით/რეკონსტრუქციულ ჩარევებს, რა დროსაც გამოიყენება როგორც პაციენტის საკუთარი ქსოვილები, ისე  დამხმარე სინთეზური მასალები (ბადეები).

 

უტერო-ვაგინალური პროლაფსის პრევენცია დიდწილად დამოკიდებულია მშობიარობის შემდგომ სწორ რეაბილიტაციაზე, მენჯის კუნთების რეგულარულ ვარჯიშზე, ნორმალური წონის შენარჩუნებასა და იმ ფაქტორების აღმოფხვრაზე, რომლებიც მუცლის პრესის ზედმეტ დატვირთვას იწვევს.

 

მიუხედავად იმისა, რომ უტერო-ვაგინალური პროლაფსი ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, ის სრულად მართვადია. მართალია, ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად აისახება ქალის ცხოვრების ხარისხზე, თუმცა დროული დიაგნოსტიკა, ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობა და სწორი პრევენცია დაგეხმარებათ დისკომფორტის  დავიწყებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

  • ნახვები:29

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები