ფილტვის კიბო მსოფლიოში მეორე ადგილზეა გავრცელებით და სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ყველა კიბოს ტიპს შორის.
ხშირად ფილტვის კიბო უსიმპტომოდ მიმდინარეობს,ამიტომ მისი ადრეული დიაგნოსტიკა გართულებულია. არსებობს პირველადი გამოვლენის სხვადასხვა მეთოდი და მათ შორის ერთ-ერთი არის ციტოლოგიური ტესტები.
ციტოლოგიური კვლევა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს როგორც საწყის დიაგნოსტიკაში, ასევე დიფერენციალური დიაგნოსტიკისა და მეტასტაზირების შეფასებაში, გააჩნია რიგი უპირატესობები და მაღალი დიაგნოსტიკური მაჩვენებლები.
ციტოლოგიური მასალის სახეობებია:
- ნახველის ციტოლოგია
- ბრონქოსკოპიული ბრაშ-ბიოფსია და ლავაჟი
- პლევრის ღრუს პუნქტატი-მეტასტაზური კიბოს დადასტურებისთვის
- წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA)- პერიფერიული ლიმფური კვანძების კვლევისთვის.
ყველაზე ხშირად წარდგენილი ციტოლოგიური მასალა ნახველია, რომლის შეგროვებაც მარტივია და მისი გამეორებაც შესაძლებელია. განსაკუთრების ინფორმატიულია ცენტრალურად მდებარე სიმსივნეების დროს (მაგ;ტრაქეასა და მსხვილ ბრონქებში ლოკალიზებული ბრტყელუჯრედოვანი,სქვამოზური, კარცინომა).
უჯრედები ადვილად გადმოდის ნახველში, ასე რომ აღნიშნულ ბიოლოგიურ მასალაში შეიძლება იყოს პირველი მინიშნება მალიგნური პროცესის შესახებ, ხშირად სანამ კლინიკური სიმპტომები განვითარდება.
ბრონქოსკოპიული ბრაშ-ბიოფსია იძლევა ინფორმაციას ბრონქების ლორწოვანიდან აღებული/მიღებული უჯრედების მახასიათებლებზე. განსაკუთრებით ეფექტურია ცენტრალური ლოკალიზაციის ფილტვის კიბოსთვის(მაგ; სქვამოზური კარცინომა).
გარდა სიმსივნური დაზიანებისა შესაძლებელია ასევე პრეკანსეროზული, დისპლაზიური ან ინფექციური ცვლილებების გამოვლენა.
აღნიშნული კვლევის მგრძნობელობა ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებაში დაახლოებით 60-85 %-ია, ხოლო სპეციფიურობა ძალიან მაღალია (>90%).
პლევრის ღრუს პუნქტატის ასპირაცია არის დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურა, რომლის დროსაც პლევრის ღრუდან იღებენ სითხეს და არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სიმსივნური პლევრიტის დასადგენად და მკურნალობის განსაზღვრისათვის. მალიგნური პლევრიტის გამოვლენის მგრძნობელობა 60-80%-ია.
წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია (FNA)-ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და სტადირებისთვის მნიშვნელოვანი მეთოდია. აღნიშნული მეთოდის მეშვეობით შესაძლებელია როგორც მეტასტაზების გამოვლენა, ასევე სიმსივნის ტიპის დადგენა უჯრედულ დონეზე.
ამ მეთოდის უპირატესობაა მინიმალური ინვაზია, სწრაფი პასუხი, მასალის გამოყენება იმუნოციტოქიმიაში.
ციტოლოგიური კვლევის მნიშვნელობა:
ციტოლოგიური კვლევის მეთოდები სიმსივნის ადგილმდებარეობისა და ტიპის მიხედვით, შეიძლება გამოყენებულ იქნას პირველადი დიაგნოზის, პროგნოზისა და სიმსივნის ქცევის პროგნოზირებისთვის, ასევე მეორადი/რეციდიული დიაგნოზებისთვის და შეიძლება გამოყენებული იქნას სტადიის დასადგენად.
ციტოლოგიური კვლევის ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევებშიც, როცა ბიოფსიის წარმოება ვერ ხერხდება (მაგ;მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, რომლებიც ვერ იტანენ ინვაზიურ ჩარევას.
ციტოლოგიური ტესტები წარმოადგენს სწრაფ, ხელმისაწვდომ, ნაკლებად ინვაზიურ და უსაფრთხო მეთოდს ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისთვის. ის ხშირად გამოიყენება როგორც პირველადი ნაბიჯი დიაგნოსტიკურ პროცესში.
- ნახვები:70