რას ნიშნავს იყო ექიმი და პედაგოგი, როგორი იყო პირველი დამარცხება, 22 წლის ასაკში გაკეთებული პირველი ოპერაცია და ნერვიულობს თუ არა საოპერაციოში შესვლის წინ, მხატვრული ლიტერატურის მოყვარული, ყველა ჟურნალისტისთვის სასურველი რესპონდენტი, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური ხელმძღვანელი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო კუჭავა.
- რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
ყველაფერზე, ექიმობის გარდა. წინაპრების არცერთ ხაზში არ მყოლია მედიკოსი. ბებიას ძალიან უნდოდა რომ ბაბუის საქმე გამეგრძელებინა და მისი პროფესია ამერჩია, რადგანაც ძალიან მამსგავსებდნენ გარეგნულად. ბაბუაჩემი ზაქარია ყანჩაველი ცნობილი ბოტანიკოსი იყო, ის გამოჩენილი ადამიანებისადმი მიძღვნილ წიგნშიცაა შესული "საუკეთესო ქართველი საქართველოში, მთელი ისტორიის განმავლობაში", ვინც ამ წიგნს ნახულობს ყველას მე ვგონივარ ხოლმე, იმდენად დიდია მსგავსება.
- როგორ აირჩიეთ პროფესია?
რეალისტი ადამიანი ვარ და არ გავაკეთებ რომანტიზებას, ვერ მოგატყუებთ, რომ ბავშობიდან ვოცნებობდი ექიმობაზე, ფილმი ვნახე ან წიგნი წავიკითხე რაც ჩემი ინსპირაცია იყო. არა, ასე არ ყოფილა, ყველაფერი გაცილებით მარტივად მოხდა. თექვსმეტი წლის ვიყავი, როდესაც სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. საუბარში ვიღაცამ მითხრა, რომ ყველაზე რთული სამედიცინოზე ჩაბარებაა. ბავშვური ამბიცია და გამოწვევა იყო ჩემთვის, მინდოდა ყველასთვის დამემტკიცებინა რომ მე ამას შევძლებდი.
- რას ნიშნავს იყო ექიმი?
ერთი ჩემი ახლობელი ამთავრებდა სკოლას, ვკითხე სად აპირებდა ჩაბარებას და თუ სწორად მახსოვს მიპასუხა მათემატიკურ ფაკულტეტზე. მე ვკითხე სამედიცინოზე თუ უფიქრია და კი, მიფიქრია, მაგრამ არ მინდაო. გამიკვირდა და ჩავეკითხე, მიპასუხა, რომ მას სხვის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღების ეშინია. იყო ექიმი სწორედ ამას ნიშნავს, რომ აიღო პასუხისმგებლობა სხვის ჯანმრთელობაზე. ადამიანს ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინია, ხოლო ექიმი ვალდებულია დაიცვას ადამიანი, იმისგან რისიც მას ყველაზე მეტად ეშინია. ყველაზე ძვირფასი კი ადამიანისთვის შვილების შემდეგ საკუთარი სიცოცხლეა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ მას ის შევუნარჩუნოთ.
- პირველი გამარჯვება თუ გახსოვთ?
გამარჯვება არა, მაგრამ პირველი დამარცხება მახსოვს, გვარიც კი მახსოვს პაციენტის და ახლაც თვალწინ მიდგას. ჩერჩილმა თქვა "ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, მილიონი ადამიანის სიკვდილი სტატისტიკა", ჩვენ ვიბრძვით ერთი ადამიანის გადარჩენისთვის. თქვენ შეკითხვას ,რომ დავუბრუნდეთ, გამარჯვებები საბედნიეროდ ბევრი ყოფილა, მყავს პაციენტები, რომლებიც ჩემს მიერ გაკეთებული ოპერაციის დღეს მეორე დაბადების დღეს აღნიშნავენ.
- ნერვიულობთ თუ არა ოპერაციამდე?
არ დამავიწყდება ჩემი მასწავლებლის ვაგნერის ფრაზა, თუ თქვენ მარტივ ოპერაციაზე შედიხართ და არ ნერვიულობთ, იმ დღესვე დაანებეთ თავი ამ პროფესიას. რასაკვირველია ვნერვიულობ. ალბათ არ არსებობს ქირურგი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ენატრა ნეტავ არ დავბადებულიყავი. მე ბევრჯერ მითქვამს პაციენტისთვის, რომ თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე მეტად თქვენ გაწუხებთ, შემდეგ მშობელს და შვილს და მესამე ადგილზე მე ვარ.
- პირველი ოპერაცია გახსოვთ?
მაშინ ძალიან პატარა, ოცდაორი წლის ვიყავი. მახსოვს, ეს იყო კანის მელანომა.
შეცვალა თუ არა მედიცინა ტექნიკურმა განვითარებამ?
ძალიან ბევრი რამე შეცვალა, დაწყებული დიაგნოსტიკური კვლევებიდან, დამთავრებული საოპერაციო ძაფებით.
- არსებობს თუ არა ქირურგიული იმპროვიზაცია?
რასაკვირველია არსებობს. ყველა ორგანიზმი განსხვავდება ერთმანეთისგან, ყველას ინდივიდუალური ანატომია აქვს, ხშირად ხვდები ისეთ შემთხვევას, რომელიც შეიძლება არც ერთ წიგნში არ შეგხვდეს, ყველა გზამკვლევში წერია წესები, რა რის შემდეგ კეთდება და როგორ, თუმცა ისიც წერია, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და არა დირექტივა, სწორედ აქ ხდება ქირურგიული იმპროვიზაცია.
- დიდი გამოცდილება გაქვთ პედაგოგიკაში, რა ურთიერთობა გაქვთ სტუდენტებთან? ესეც ხომ დიდი პასუხისმგებლობაა?
- ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. დოსტოევსკის "ეშმაკეულნი" მახსენდება, სადაც ავტორი ერთ-ერთი პერსონაჟის სახით გვეუბნება, რომ რაც არ იცი იმის სიყვარული შეუძლებელია, მე კი დავამატებდი, რომ რაც არ გიყვარს ვერ ისწავლი და რომ შეიყვარო საჭიროა პედაგოგი. ჩემი აზრით პედაგოგის მთავარი დანიშნულებაა შეაყვაროს პროფესია.
- ნახვები:239