ფილტვის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას თანამედროვე ონკოლოგიაში, რადგან იგი ავთვისებიან სიმსივნეებს შორის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. დაავადების დროული გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და თანამედროვე მკურნალობის მეთოდების გამოყენება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხზე.
ამ თემაზე გვესაუბრება „კოი სამედიცინო ჰაბის“ ზოგადი ქირურგი ირაკლი კუჭავა.
- ფილტვის კიბოს რისკ-ფაქტორები
- სკრინინგის მნიშვნელობა
- კლინიკურ გამოვლინებები
- დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები
- მკურნალობის ძირითადი პრინციპები
რა ადგილი უჭირავს ფილტვის კიბოს ავთვისებიან სიმსივნეებს შორის?
ფილტვის კიბო ავთვისებიან სიმსივნეებს შორის სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა და კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 18%-ს შეადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილტვის კიბოს ახალი შემთხვევები პროსტატის კიბოს შემდეგ მეორე ადგილზეა.
რა არის ფილტვის კიბოს ძირითადი რისკ-ფაქტორები?
ფილტვის კიბოს ძირითად რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: თამბაქოს მოხმარება, რადონის, აზბესტის, დარიშხანის, ქრომის ზემოქმედება, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასევე გადატანილი ტუბერკულოზი ან ფილტვის სხვა ინფექციური დაზიანება.
როგორ განვითარდა ფილტვის კიბოს სკრინინგი?
თავდაპირველად სკრინინგი ტარდებოდა გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით, რომელიც მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებს ექვს თვეში ერთხელ, სამი წლის განმავლობაში უტარდებოდათ. მოგვიანებით სკრინინგს დაემატა ოთხ თვეში ერთხელ ჩატარებული ნახველის ციტოლოგიური კვლევა. 2002 წელს დადგინდა, რომ მაღალი რისკის მქონე პაციენტებში კომპიუტერული ტომოგრაფიით სკრინინგი ამცირებდა ფილტვის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას, ხოლო 2010 წლის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა.
რომელი პაციენტები შედიოდნენ სკრინინგული კვლევის მაღალი რისკის ჯგუფში?
კვლევაში მონაწილეობდნენ 55–74 წლის ასაკის 53 353 პაციენტი, რომლებიც აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
- წელიწადში 30 კოლოფზე მეტი სიგარეტის მოხმარება
- ყოფილი მწეველობის შემთხვევაში თამბაქოს მოხმარების 15-წლიანი ანამნეზი
- ანამნეზში ფილტვის კიბოს არარსებობა
- ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში სხვა სიმსივნის არარსებობა
- ფილტვის კიბოსთვის დამახასიათებელი სიმპტომების არქონა
- ბოლო 18 თვის განმავლობაში გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის არარსებობა.
რა დადებითი მხარეები აქვს ფილტვის კიბოს სკრინინგს?
სკრინინგის დადებითი მხარეებია დაავადების ადრეული აღმოჩენა. ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, პაციენტთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა პათოლოგიების, განსაკუთრებით კარდიოვასკულარული დაავადებების, მათ შორის კორონარული არტერიების კალციფიკაციის, ინციდენტური გამოვლენა.
რა სიმპტომები ახასიათებს ფილტვის კიბოს?
ფილტვის პირველადი კიბოს პულმონური სიმპტომებია ხველა, დისპნოე, ვიზინგი, ჰემოპტიზი, პნევმონია და ფილტვის აბსცესი. არაპულმონურ თორაკალურ სიმპტომებს მიეკუთვნება პლევრული ტკივილი, გულმკერდის კედლის ლოკალიზებული ტკივილი, წელის ტკივილი, პანკოსტას სინდრომი, დიაფრაგმის ნერვის პარეზი, ხორხის შებრუნებული ნერვის პარეზი, ზედა ღრუ ვენის სინდრომი, პერიკარდიული ტამპონადა, ზურგის ტკივილი და სხვა ადგილობრივი სიმპტომები.
რა სიმპტომები და სინდრომები შეიძლება ახლდეს ფილტვის კიბოს?
ფილტვის კიბოს შეიძლება ახლდეს ჰიპერტროფიული პულმონარული ოსტეოართროპათია, ჰიპერკალცემია, ჰიპონატრემია, კუშინგის სინდრომი, პერიფერიული და ცენტრალური ნეიროპათია, ასევე ლამბერტ-ეტონის სინდრომი.
როგორ ხდება ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკა?
დიაგნოსტიკა მოიცავს პაციენტის ანამნეზის დეტალურ შესწავლას. ტარდება შემდეგი ინსტრუმენტული კვლევები: გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია PET/CT კვლევა. მათ შორის ბრაშ-ბიოფსია, პირდაპირი ბიოფსია, ენდობრონქიალური ულტრასონოგრაფიის კონტროლით წვრილი ნემსით ასპირაცია, ტრანსბრონქიალური ბიოფსია, ტრანსთორაკალური ბიოფსია, ასევე ვიდეოასისტირებული თორაკოსკოპია ან თორაკოტომია.
როგორია ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობა და პროგნოზი?
ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბოს შემთხვევაში, TNM-ის მე-8 გამოცემის მიხედვით, T1–T2 N1 M0 და T3 N0 M0 შემთხვევები მიეკუთვნება IIB სტადიას. ამ სტადიისთვის 5-წლიანი გადარჩენა დაახლოებით 53%-ს შეადგენს, თუმცა პროგნოზი მნიშვნელოვნად განსხვავდება სიმსივნის ჰისტოლოგიური ტიპის, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, მკურნალობის მეთოდისა და სხვა პროგნოზული ფაქტორების მიხედვით.
როგორ ხდება ადგილობრივად გავრცელებული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს მართვა?
ადგილობრივად გავრცელებული არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო (III სტადია) ხასიათდება ჰეტეროგენული პროგნოზით, რომელიც დამოკიდებულია დაავადების TNM-სტადიაზე, ლიმფური კვანძების ჩართულობაზე, რეზექტაბელობაზე და პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე. რეზექტაბელური დაავადების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს სისტემურ თერაპიას ქირურგიულ მკურნალობასთან კომბინაციაში, ხოლო არარეზექტაბელური დაავადების დროს სტანდარტულ მიდგომას წარმოადგენს პლატინის შემცველი ქიმიოთერაპიისა და სხივური თერაპიის კომბინაცია, რასაც შესაბამის პაციენტებში შემანარჩუნებელი იმუნოთერაპია მოჰყვება.
რა შემთხვევაში ტარდება ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიული მკურნალობის წარმოება უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმის მიერ, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, დაავადების ტიპის და სტადიის გათვალისწინებით.
ფილტვის კიბოს ადრეული გამოვლენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და მართვაში.
„კოი სამედიცინო ჰაბში“ ტარდება ფილტვის კიბოს უფასო სკრინინგი, რაც მაღალი რისკის მქონე პირებს დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს და ხელს უწყობს დროული მკურნალობის დაწყებას.
- ნახვები:9













