2025-04-28

იმუნოთერაპია – როგორ იყენებს ორგანიზმი საკუთარ ძალებს კიბოს წინააღმდეგ?

იმუნიტეტი არის ორგანიზმის უნარი ამოიცნოს და ებრძოლოს როგორც პათოგენურ მიკროორგანიზმებს:ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს ისე პათოლოგიურად მზარდ კიბოს უჯრედებს.სიმსივნური უჯრედი ხშირად  ცდილობს დაემალოს ორგანიზმის იმუნურ სისტემას ან დათრგუნოს მისი ბრძოლის   უნარი, შესაბამისად შეიქმნას გამრავლებისათვის ხელსაყრელი  გარემო. იმუნოთერაპია წარმოადგენს ახალ, მაგრამ ძალიან ეფექტურ მეთოდს ონკოლოგიაში, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერებას  დაავადებასთან საბრძოლველად.

როგორ ასტიმულირებს იმუნოთერაპია იმუნურ სისტემას?

იმუნოთერაპიის მიზანია გააძლიეროს სიმსივნის წინააღმდეგ მიმართული იმუნური პასუხი, რაც ხორციელდება სხვადასხვა მოქმედების მექანიზმის მქონე იმუნოთერაპიული აგენტების   გამოყენებით:

  1. ჩექ-ფოინთ ინჰიბიტორები:  მაგალითად PD-1  ინჰიბიტორები(პემბროლიზუმაბი,  ნივოლუმაბი, ცემიპლიმაბი), PD-L1  ინჰიბიტორები(ატეზოლიზუმაბი, აველუმაბი, დურვალუმაბი), CTLA-4 ინჰიბიტორები(იპლიმუმაბი, ტრემელიმუმაბი)
  2. მონოკლონური ანტისხეულები:  მონოკლონურ ანტისხეულებს სპეციფიკური მიზანმიმართული   სამიზნე და უმნიშვნელოდ გამოხატული არასასურველი გვერდითი მოვლენები ახასიათებს, ამიტომ ხელსაყრელია მათი გამოყენება  სიმსივნეებისა და სხვა არანეოპლაზიური დაავადებების სამკურნალოდ.მაგალითად:ტრანსტუზუმაბი, რიტუქსიმაბი, ცეტუქსიმაბი.
  3. კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები:არსებობს პრევენციული ვაქცინები( HPV ვაქცინები გამოიყენება HPV-ით გამოწვეული კიბოს(მაგალითად  საშვილოსნოს ყელის,ვულვის, ხორხის, ანუსის, სასქესო ასოს კიბო) პრევენციისთვის,HBV ვაქცინა გამოიყენება B ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული  ღვიძლის კიბოს პრევენციისთვის.არსებობს თერაპიული ვაქცინები, რომელთა ეფექტურობა აქტიურად შეისწავლება.
  4. ადოპტური T უჯრედული თერაპია: მიზნად ისახავს ორგანიზმის საკუთარი    T უჯრედების გამოყენებას  რათა უფრო ეფექტურად ებრძოლონ კიბოს. მაგალითად CAR-T  თერაპია, რომელიც აქტიურად გამოიყენება ჰემობლასტოზების დროს.
  5. ციტოკინოთერაპია: გულისხმობს ციტოკინების გამოყენებას რათა სტიმულირდეს ორგანიზმის იმუნური სისტემა,მაგალითად:ინტერლეიკინები და ინტერფერონები.

რა განსხვავებაა იმუნოთერაპიასა და ქიმიოთერაპიას შორის?

  1. მოქმედების მექანიზმი:
    • ქიმიოთერაპია: ქიმიოთერაპია მიზნად ისახავს სიმსივნური  უჯრედების განადგურებას და ის მოქმედებს ყველა სწრაფად გამრავლებად  უჯრედზე მათ შორის ჯანმრთელ  უჯრედებზეც.
    • იმუნოთერაპია: იმუნური სისტემის გაძლიერების გზით,იმუნოთერაპია      ეხმარება ორგანიზმს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
  2. გვერდითი მოვლენები:
    • ქიმიოთერაპია ხშირად იწვევს უფრო მძიმე გვერდით მოვლენებს, რაც გამოწვეულია ჯანმრთელი უჯრედების დაზიანებით,   ვითარდება ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: თმის ცვენა, გულისრევა, დაღლილობა, და სხვა.
    • იმუნოთერაპია ზოგადად ნაკლებად იწვევს სიმპტომებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმუნური სისტემის მიერ საკუთარი ჯანმრთელი უჯრედების დაზიანებას, რაც                     ხელს უწყობს აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას.
  3. მოქმედების ფართობი:
    • ქიმიოთერაპია ეფექტურია მრავალ ტიპის სიმსივნის წინააღმდეგ.
    • იმუნოთერაპია ეფექტურია  ზოგიერთი ტიპის სიმსივნის წინააღმდეგ.

რომელი ტიპის სიმსივნეებზე მუშაობს ყველაზე ეფექტურად?

იმუნოთერაპია ყველაზე ეფექტურია  შემდეგი ტიპის სიმსივნეების საწინააღდეგოდ:

1.მელანომა: კანის კიბოს ერთ-ერთი სახეობა, რომელიც კარგად რეაგირებს იმუნოთერაპიაზე, განსაკუთრებით ჩექფოინთ ინჰიბიტორებზე.

2. ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო:ამ ტიპის სიმსივნეებში ხშირად ვლინდება  PD-L1 მაღალი ექსპრესია,  რაც განაპირობებს იმუნოთერაპიის ეფექტურობას.

3. შარდის ბუშტის კიბო:განსაკუთრებით უროთელიალური კარცინომა, სადაც  PD-1/PD-L1  ინჰიბიტორებით მკურნალობა ეფექტურია.

4. თავისა და კისრის ბრტყელუჯრედოვანი  კარცინომა :განსაკუთრებით  HPV ნეგატიური ტიპის სიმსივნეები.

5. ჰოჯკინის ლიმფომა: იმუნოთერაპია ეფექტურია განსაკუთრებით მაშინ როცა დაავადების რეციდივია ან  დაავადება რეზისტენტულია ქიმიოთერაპიისადმი.

  • ნახვები:99

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები