ძუძუს კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას მსოფლიოში და განსაკუთრებით მაღალია მისი გავრცელება ქალებში. თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის მიდგომა კომპლექსურია და სამ ძირითად მიმართულებად ერთიანდება, ესენია: ქირურგიული მკურნალობა, მედიკამენტური მკურნალობა, რადიაციული თერაპია. ქირურგიული მკურნალობა და სხივური თერაპია ძუძუს კიბოს სამკურნალო ლოკალური მეთოდებია, დანარჩენი კი სისტემური.
მედიკამენტური მკურნალობის ძირითადი პრინციპები. მედიკამენტური თერაპია ძუძუს კიბოს სამკურნალო ყველაზე მრავალმხრივი მიმართულებაა, ის მოიცავს ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, სამიზნე (ტარგეტულ) თერაპიასა და იმუნოთერაპიას. თითოეული მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების სხვადასხვა ტიპის და სტადიის მართვაში.
1. ქიმიოთერაპია
სიმსივნის ქირურგიული მოცილება არის ძუძუს კიბოს კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტი.პაციენტების გარკვეულ ნაწილს ესაჭიროება ქიმიოთერაპია ოპერაციის შემდეგ,ხოლო ადგილობრივად გავრცელებული პროცესის შემთხვევაში ოპერაციამდეც.ამრიგად, სისტემური ქიმიოთერაპია შეიძლება ჩატარდეს ოპერაციის წინ(ნეოადიუვანტურ) ან ოპერაციის შემდეგ(ადიუვანტურ) რეჟიმში.
ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპიის მიზანია შეამციროს პირველადი სიმსივნის ზომა, ინოპერაბელური სიმსივნე გადაიყვანოს რეზექტაბელურ ფორმაში.ამასთან, სისტემური მკურნალობის ადრე დაწყება ციტოსტატიკების მიმართ ამცირებს რეზისტენტობის განვითარების ალბათობას.
ადიუვანტური ქიმიოთერაპია მიმართულია სიმსივნის პირველადი კერის რადიკალური ამოკვეთის შემდეგ მიკროსკოპული სიმსივნური უჯრედების განადგურებისკენ, რითაც საგრძნობლად მცირდება რეციდივის რისკი.
ქიმიოთერაპია რჩება ძუძუს კიბოს მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად.
2. ენდოკრინული თერაპია
ენდოკრინული თერაპია(ჰორმონოთერაპია) აქტიურად გამოიყენება ჰორმონ პოზიტიური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ. ჰორმონ-პოზიტიური (ER/PR+) ძუძუს კიბო განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰორმონოთერაპიის მიმართ. ამ ტიპის მკურნალობის მიზანია ესტროგენის ზემოქმედების ბლოკირება სიმსივნურ უჯრედებზე. ჰორმონოთერაპია ეფექტურია როგორც ადიუვანტურ, ისე მეტასტაზური დაავადების დროს და ხშირად ტარდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (7–10 წელი).
3. სამიზნე (ტარგეტული) თერაპია
ტარგეტული თერაპია ონკოლოგიაში არის კიბოს მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც გამოყენებული სამკურნალო საშუალებები ამოიცნობს და ზემოქმედებას ახდენს იმ სპეციფიკურ მოლეკულებზე, რომლებიც მონაწილეობენ კიბოს უჯრედის ზრდასა და გავრცელებაში. ტარგეტული თერაპია აქტიურად გამოიყენება HER2 პოზტიური ძუძუს კიბოს სამკურნალოდ.
ტარგეტული თერაპია მნიშვნელოვნად ზრდის გადარჩენადობას და ამცირებს დაავადების პროგრესირების რისკს.
4. იმუნოთერაპია
სამმაგად-ნეგატიური ძუძუს კიბოს (TNBC) შემთხვევაში იმუნოთერაპია წარმოადგენს ერთ-ერთ ახალ და პერსპექტიულ მიმართულებას. როგორც ადრეულ(ნეოადიუვანტურ, ადიუვანტურ რეჟიმში), ასევე,მეტასტაზური ფორმის დროს აქტიურად გამოიყენება PD-1/PD-L1 ინჰიბიტორები,რომლებიც აუმჯობესებენ ორგანიზმის იმუნურ პასუხს სიმსივნურ უჯრედებზე. ძუძუს კიბოს მედიკამენტური მკურნალობა წარმოადგენს კომპლექსურ და სწრაფად განვითარებად სფეროს, რომელიც ეფუძნება პერსონალიზებულ მიდგომას. თანამედროვე მკურნალობის საშუალებები მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტთა სიცოცხლის ხანგრძლივობას და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს. მომავალი კვლევები მიმართულია მედიკამენტების ეფექტურობის ზრდასა და ტოქსიკურობის შემცირებისაკენ, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის შედეგებს.
- ნახვები:772













