2026-11-19

შაქრიანი დიაბეტი: მეტაბოლური გამოწვევა თუ ახალი ცხოვრების წესი?

ენდოკრინოლოგის პროფესიული ხედვა

 

შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს ქრონიკული მეტაბოლური დაავადებების ჯგუფს, რომლის დროსაც ირღვევა ნახშირწყლოვანი ცვლა, რომელსაც თავის მხრივ მწყობრიდან გამოყავს, როგორც ცხიმოვან-ცილოვანი, ასევე წყალ-მარილოვანი ცვლა. დაავადების პათოფიზიოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ორგანიზმში ინსულინის აბსოლუტური ან ფარდობითი დეფიციტი, რომელსაც ხშირად თან ახლავს პერიფერიული ქსოვილების ინსულინრეზისტენტობა (ჰორმონის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება). კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) მიერ სინთეზირებული ჰორმონი ინსულინი ფიზიოლოგიურად უზრუნველყოფს სისხლში არსებული გლუკოზის ტრანსპორტირებას უჯრედებში ენერგეტიკული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული რეგულაციური მექანიზმის დარღვევისას, გლუკოზა ჭარბი რაოდენობით გროვდება სისხლის პლაზმაში და ვითარდება კლინიკური ჰიპერგლიკემია.

კლინიკურ პრაქტიკაში ძირითადად განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს: I ტიპის შაქრიან დიაბეტს (როდესაც პანკრეასი პრაქტიკულად ვერ გამოიმუშავებს ინსულინს აუტოიმუნური პროცესის გამო) და II ტიპის შაქრიან დიაბეტს (როდესაც ორგანიზმი ინსულინს გამოიმუშავებს, მაგრამ უჯრედები მას სათანადოდ ვერ იყენებენ). მიუხედავად განსხვავებული ეტიოლოგიისა, ორივე მდგომარეობა მოითხოვს მკაცრ, მეცნიერულად დასაბუთებულ მართვას,თუმცა როგორც ენდოკრინოლოგმა მინდა ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო: ეს დიაგნოზი არ არის განაჩენი, ეს არის მდგომარეობა, რომელიც სრულად ექვემდებარება ეფექტურ მართვას.

თანამედროვე დიაბეტოლოგია პაციენტს სთავაზობს არა მკაცრ შეზღუდვებს, არამედ გლიკემიური კონტროლის თანამედროვე სტრატეგიებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს მიკრო და მაკროვასკულარული გართულებებისგან.

1. გლიკემიური პროფილის რეგულარული მონიტორინგი და სამიზნე მაჩვენებლები

თვითკონტროლი არ არის მხოლოდ ციფრების უბრალო ფიქსაცია. ეს არის თქვენი მეტაბოლური რუკა.

  • აკადემიური რეკომენდაცია: გლუკოზის თვითკონტროლის გარდა, ოქროს სტანდარტად რჩება გლიკოზირებული ჰემოგლობინის (HbA1c) ტესტი, რომელიც აჩვენებს სისხლში შაქრის საშუალო მაჩვენებელს ბოლო 3 თვის განმავლობაში.
  • მკურნალ ექიმთან ერთად აუცილებელია ინდივიდუალური სამიზნე ნიშნულის განსაზღვრა, რათა თავიდან ავიცილოთ როგორც მუდმივი ჰიპერგლიკემია, ისე საშიში ჰიპოგლიკემიური ეპიზოდები.

 

2. სამედიცინო კვების თერაპია

დიაბეტის დროს კვება არ გულისხმობს ხანმოკლე მკაცრ შეზღუდვებს,  ეს არის კვებითი ქცევის გააზრებული, ფიზიოლოგიურად დასაბუთებული მოდელი, რომელიც ორგანიზმის მეტაბოლურ სტაბილურობას ემსახურება.

ნახშირწყლების დათვლა და გლიკემიური ინდექსი: პაციენტმა მკაცრად უნდა გაითვალისწინოს მიღებული ნახშირწყლების რაოდენობა და ხარისხი. უპირატესობა ენიჭება დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს, რომლებიც მდიდარია დიეტური ბოჭკოებით (ცელულოზით). აღნიშნული მიდგომა აფერხებს პოსტპრანდიალური (ჭამის შემდგომი) გლიკემიის მკვეთრ მატებას და ხელს უწყობს შაქრის სტაბილური დონის შენარჩუნებას.

მაკრონუტრიენტების სწორი ბალანსი (ცილები, ჯანსაღი ცხიმები და რთული ნახშირწყლები) ხელს უწყობს ჰორმონალურ სტაბილურობას.

3. ფიზიკური აქტივობა, როგორც ნივთიერებათა ცვლის ბუნებრივი მარეგულირებელი

ორგანიზმში გლუკოზის ძირითადი ნაწილი კუნთოვან ქსოვილში იხარჯება. ფიზიკური დატვირთვის დროს ირთვება ე.წ. ინსულინდამოუკიდებელი გლუკოზის ტრანსპორტირების მექანიზმი.

  • კლინიკური რჩევა: ზომიერი  დატვირთვა (ცურვა, სწრაფი სიარული, ველოსიპედი) კვირაში მინიმუმ 150 წუთის განმავლობაში,  ზრდის ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ და აუმჯობესებს ლიპიდურ პროფილს.

4. ფარმაკოთერაპია და მედიკამენტური თერაპიის რეგულარულობა

თუ პაციენტს დაენიშნა ორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები ან ინსულინთერაპია, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივი რესურსები ამოწურულია და ორგანიზმს კლინიკური დახმარება სჭირდება.

  • მთავარი პრინციპი: მედიკამენტების თვითნებური მოხსნა ან დოზირების ცვლილება კატეგორიალურად დაუშვებელია. მკურნალობის რეჟიმის მკაცრი დაცვა მნიშვნელოვნად ამცირებს გრძელვადიანი მიკროვასკულარული გართულებების (ნეფროპათია, რეტინოპათია, ნეიროპათია) განვითარების რისკს.

5. სტრესის ჰორმონები და მეტაბოლური სტაბილურობა

ქრონიკული სტრესის დროს გამოიყოფა ანტაგონისტური ჰორმონები - კორტიზოლი და ადრენალინი, რომლებიც ზრდის ღვიძლში გლუკოზის სინთეზს (გლუკონეოგენეზს) და პირდაპირ ზრდის შაქრის დონეს სისხლში.

  • ფსიქოემოციური ბალანსი და ძილის ადეკვატური ჰიგიენა (მინიმუმ 7-8 საათიანი ძილი) დიაბეტის წარმატებული მართვის განუყოფელი კლინიკური კომპონენტია.

 

დასკვნა

შაქრიანი დიაბეტი არის მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობასა და ინფორმირებულობას. თანამედროვე მედიკამენტები, თვითკონტროლის საშუალებები და ჯანსაღი ცხოვრების წესი მოგცემთ სრულ შესაძლებლობას, იცხოვროთ სრულფასოვანი, აქტიური და ენერგიული ცხოვრებით.

 

  • ნახვები:5

ექიმები

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები