2026-07-06

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი EBMT-ის ოფიციალური წევრი გახდა

მნიშვნელოვანი ნაბიჯი ონკოჰემატოლოგიისა და უჯრედული თერაპიის განვითარებისთვის

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი განაგრძობს საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაფართოებას. ჩვენი კლინიკა ოფიციალურად გახდა EBMT — European Society for Blood and Marrow Transplantation (სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ევროპული საზოგადოების) წევრი. აღნიშნული სტატუსი მნიშვნელოვანი ნაბიჯია კლინიკაში ონკოჰემატოლოგიური მიმართულებისა და უჯრედული თერაპიის მეთოდოლოგიაში ევროპული სტანდარტების დასანერგად.

 

რა არის EBMT და რატომ არის მისი წევრობა უმაღლესი სტატუსის განმსაზღვრელი?

EBMT  წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერებს, ექიმებს, მედდებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობა მიმართულია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციისა და უჯრედული თერაპიის (მათ შორის, ინოვაციური CAR-T თერაპიისა და იმუნოთერაპიის) განვითარებისკენ, რაც ონკოჰემატოლოგიური პაციენტებისთვის სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

საერთაშორისო საზოგადოების წევრობა არ არის მხოლოდ სტატუსი — ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ტექნოლოგიური პოტენციალი ევროპულ კრიტერიუმებს სრულად შეესაბამება.

 

რას ნიშნავს ეს მიღწევა ჩვენი პაციენტებისთვის?

ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციით, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტს  მიეცა შესაძლებლობა, რომ  ჩვენმა პაციენტებმა საქართველოდან გაუსვლელად მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, საერთაშორის სტანდარტების მიხედვით:

  • ევროპული გაიდლაინები და მკურნალობის პროტოკოლები: პაციენტების მკურნალობა და მოვლა წარიმართება EBMT-ის მიერ დადგენილი უახლესი საერთაშორისო რეკომენდაციების (გაიდლაინების) მკაცრი დაცვით.
  • წვდომა ცენტრალურ რეესტრზე (The EBMT Registry): კლინიკის სამედიცინო გუნდს ეძლევა წვდომა ორგანიზაციის მასშტაბურ სტატისტიკურ მონაცემთა ბაზაზე. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები შესაძლებელია გამოყენებული იქნას  თითოეული პაციენტისთვის,  მკურნალობის  ტაქტიკის შერჩევასა და შესაძლო პოსტტრანსპლანტაციური გართულებების მინიმუმამდე შემცირებისთვის.
  • პაციენტთა ინტერესების დაცვა და მხარდაჭერა (Patient Advocacy): EBMT-ის სპეციალური მიმართულების დახმარებით, ჩვენს პაციენტებს ექნებათ წვდომა მათთვის საინტერესო სანდო და გამჭვირვალე ინფორმაციაზე.
  •  მათთვის უზრუნველყოფილი იქნება  ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

 

პროფესიული ზრდა სამედიცინო პერსონალისთვის

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის სამედიცინო პერსონალისთვის EBMT  - ის წევრობა ხსნის პირდაპირ გზას უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და გლობალური გამოცდილების გაზიარებისკენ:

  • აქტიური მონაწილეობა EBMT-ის ყოველწლიურ გლობალურ კონგრესებსა და სიმპოზიუმებში.
  • უახლეს სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციურ პროექტებში ჩართულობა.
  • სპეციალისტების გადამზადება წამყვან ევროპულ ცენტრებში უსაფრთხოებისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების დასანერგად.

სტრატეგიული მიზანი: JACIE აკრედიტაციისკენ მიმავალი გზა

EBMT-ის წევრობა არის აუცილებელი წინაპირობა კლინიკის შემდგომი განვითარებისა და მომავალში JACIE (Joint Accreditation Committee ISCT Europe) აკრედიტაციის მოსაპოვებლად. JACIE წარმოადგენს  საერთაშორისო საკონტროლო კომიტეტს, რომელიც ამოწმებს და აკრედიტებს ღეროვანი უჯრედების შეგროვების, დამუშავებისა და ტრანსპლანტაციის პროცესის ხარისხს. კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის აუცილებელი სტანდარტიზაციის მიმართულებით.

 

ico

კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტიჩვენ ვაშენებთ მედიცინის მომავალს პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად!

  • ნახვები:35

იხილეთ აგრეთვე

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები