იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა. ამ თვეში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დაავადების შესახებ ინფორმირებულობას, პრევენციის, დროული დიაგნოსტირების და მკურნალობის მნიშვნელობის გააზრებას. საშვილოსნოს ყელის კიბოს ძირითად გამომწვევ მიზეზად მიიჩნევა პაპილომა ვირუსი, რომელიც რეპროდუქციული სისტემის ინფექციებს შორის ყველაზე ხშირია. პაპილომა ვირუსული ინფექციის შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება. თუმცა, ინფიცირებულთა ნაწილს შეიძლება განუვითარდეს პათოლოგიური ცვლილებები, ზოგიერთს კი საშვილოსნოს ყელის კიბო. ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ერთ-ორ წელიწადში 90%-ში ხდება მისი გამოდევნა, ხოლო 10%-ში რჩება პაპილომა ვირუსული ინფექცია. თუ ინფიცირებულ ადამიანს აქვს ე.წ. მაღალი რისკის ვირუსი, მას შეიძლება განუვითარდეს საშვილოსნოს ყელის კიბო. დროული დიაგნოსტირება ამ დაავადების მთავარი პრევენციაა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ხდება პაპ ტესტით, რომელიც მიზნად ისახავს ლორწოვანი გარსის ცვლილებების გამოვლენას, რომელთა მკურნალობა აუცილებელია, რათა არ მოხდეს ამ ცვლილებების პროგრესი და სიმსივნის განვითარება. დროული დიაგნოსტირება წარმოადგენს ამ დაავადებასთან ბრძოლაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მეთოდს."
- ნახვები:65