სიახლეები --> ურეთრის სტრიქტურა

ურეთრის სტრიქტურა

რა სახის დაავადებაა ურეთრის სტრიქტურა?
გამომწვევი მიზეზი, სიმტომები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ამ თემაზე საუბრობს, კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის ექიმი-უროლოგი,

მედიცინის დოქტორი - ბესიკ ხვედელიძე.


"დღეს ვისაუბროთ ისეთი ნაკლებად ცნობილი დაავადების შესახებ, როგორიცაა შარდსადენის შევიწროება, ანუ ურეთრის სტრიქტურა. ურეთრის სტრიქტურა ვითარდება შარდსადენის ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად, რაც შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ინფექციამ, შარდსადენის ტრავმულმა დაზიანებამ (ავტოსაგზაო შემთხვევა ან შორისის ტრავმა), ასევე სხვადასხვა სამედიცინო სამკურნალო მანიპულაციამ ურეთრაზე(ცისტოსკოპია, ენდოსკოპიური ჩარევები). შარდსადენის ლორწოვანი გარსის დაზიანება ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას ირგვლივმდებარე ღრუბლისებურ, ანუ სპონგიოზურ ქსოვილში, რაც იწვევს ფიბროზული ქსოვილის განვითარებას, შედეგად ვიწროვდება ურეთრის სანათური და ჩამოყალიბდება სტრიქტურა.

თუ ინფექცია შესაბამისად და დროულად არის ნამკურნალები, იგი ურეთრის მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე ჩაივლის. თუმცა, ინფექციის განმეორება და არასრული მკურნალობა ნაწიბურის წარმოქმნით მთავრდება.

განსხვავებულია ურეთრის ტრავმული დაზიანება, როდესაც შარდსადენის მთლიანობა ირღვევა ტრავმის გამო. ურეთრის სტრიქტურის დიაგნოზის დასაზუსტებლად აუცილებელია შარდსადენი მილის რენტგენოლოგიური და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა. ამ გამოკვლევების შემდეგ სტრიქტურის სიგრძის, ლოკალიზაციის და სპონგიოფიბროზის სიღრმის მიხედვით განისაზღვრება მკურნალობის ინდივიდუალური მეთოდი: ეს არის

1)რეგენერაციული პროცედურები(ოტის და ოპტიკური ურეთროტომია, დილატაცია, ურეთრული სტენეტები)

2)ურეთრის რეზექცია ანასტომოზის ფორმირებით და

3)სუბსტიტუციური ოპერაციები.

ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანებისას სტრიქტურა არის ნაზი და ადვილად ექვემდებარება ენდოსკოპიურ მკურნალობას, ხოლო ღრმა ნაწიბუროვანი ცვლილების დროს უფრო სავარაუდოა საკითხი დაისვას სხვადასხვა ტიპის ურეთროპლასტიკის წარმოების შესახებ. ამიტომ აუცილებელია ყოველი შემთხვევა განხილული იყოს ინდივიდუალურად. მით უფრო რომ ქირურგი ოპერაციის დროს მზად უნდა იყოს ინტრაოპერაციულად მიიღოს გადაწყვეტილება და შეასრულოს კონკრეტული სიტუაციისათვის შესაბამასი ოპერაცია, რაც მოითხოვს ქირურგის გამოცდილებას შარდსადენი მილის ქირურგიაში.

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტს, სადაც გაგიწევენ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას მსგავსი პრობლემების შესახებ."