უროლოგი- ბესო ხვედელიძე
შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევათა რიცხვი დასავლეთის ქვეყნებში პროგრესულად იზრდება. შემთხვევათა 75-85%-ში დაავადება მოიცავს ლორწოვანს (სტადია Ta-CIS) ან ლორწქვეშა გარსს (სტადია T1). დანარჩენ 15-25%-ში აღინიშნება ინვაზია კუნთოვან შრეში და რეგიონალური ლიმფური კვანძების დაზიანება (სტადია T2-4,N+). უფრო კომპლექსური გახდა შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობა უროლოგიური თვალსაზრისით. იგი განსხვავდება გამოკვლევის მეთოდებით, მკურნალობითა და მეთვალყურეობით.
> შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევათა 90%-ში გვხვდება გარდამავალუჯრედოვანი კიბო(TCC), დანარჩენი კი არის ბრტყელუჯრედოვანი კიბო ან ადენოკარცინომა. შარდის ბუშტის სიმსივნის ფორმებად მიჩნეულია ზედაპირული (Tcis-Ta-T1) ან ინფილტრაციული (T2-T3-T4), რაც დამყარებულია ცისტოსკოპიის, ტრანსურეთრული რეზექციის, ჰისტოპათოლოგიურ და ინსტრუმენტული კვლევის მეთოდებზე.
> ცნობილია შარდის ბუშტის კიბოსთან დაკავშირებული ბევრი ეტიოლოგიური ფაქტორი და უროლოგს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ამ რეგიონში უროთელიური კანცეროგენების გამომწვევი პროფესიული ტიპების არსებობა. პირველად აღიარებულ იქნა არომატული ამინები. რისკის ჯგუფში შედიან შემდეგი წარმოების დარგებში მომუშავე პირები, როგორიცაა: ბეჭდვა, რკინის მოპოვება, ალუმინის გადნობა, ინდუსტრიული მხატვრობა, გაზისა და გუდრონის წარმოება.
>ერთ-ერთი ცნობილი რისკ ფაქტორი არის თამბაქოს წევა. დადგენილია, რომ თამბაქოს წევა იწვევს შარდის ბუშტის კიბოს შემთხვევებში დიდ სიკვდილიანობას. თამბაქოს წევის პროგნოზული მნიშვნელობა უფრო ნაკლებია, ვიდრე სხვა რისკ ფაქტორისა, როგორიცაა სიმსივნის სტადია, დიფერენცირების ხარისხი და მულტიფოკალობა. დაბალდიფერენცირებული სიმსივნის მქონე ავადმყოფებში დიდი ნაწილი მწეველი იყო, ვიდრე ნაკლებ აგრესიული სიმსივნის მქონე ავადმყოფებში.
>შარდის ბუშტის კიბოს ადრეული სიმპტომის დროული ამოცნობა მნიშვნელოვანია უკეთესი პროგნოზისათვის. შარდის ბუშტის კიბოს ყველაზე ხშირი ნიშანია ჰემატურია. ამასთან, ჰემატურიის ხარისხი არ შეესაბამება დაავადების ხარისხს. იგი შეიძლება ავადმყოფისთვისაც შესამჩნევი იყოს ან უბრალოდ აღმოჩნდეს რუტინული შარდის ანალიზით. ჰემატურიის ნებისმიერი ხარისხი მოითხოვს შარდის ბუშტის კიბოს გამორიცხვას, თუნდაც არსებობდეს ჰემატურიისათვის სხვა მიზეზი (კენჭები, ბაქტერიული ცისტიტი, თირკმლისმიერი პრობლემები და სხვა).
>შარდის ბუშტის კიბო შეიძლება გამოვლინდეს დიზურიის სიმპტომებით. ავადმყოფები შეიძლება უჩიოდნენე ხშირ შარდვას, დიზურიას და შარდის გახშირებას. უარყოფითი ბაქტერიული კულტურის პირობებში სიმპტომების არსებობა ჰემატურიასთან ერთად ან მის გარეშე აუცილებელს ხდის იმ გამოკვლევათა ჩატარებას, რომ გამორიცხული იქნეს შარდის ბუშტის კიბო, მათ შორის CIS.
>ჯერ კიდევ გაურკვეველია ტაქტიკა ასიმპტომური მიკროსკოპული ჰემატურიის დროს, იმ ავადმყოფების გარდა, რომელთა ასაკი არის 50 წ. ზევით და რომლებიც უნდა იყვნენ შემოწმებული უროლოგის მიერ. 50 წელს გადაცილებულ ავადმყოფებში, რომელთაც აღენიშნებათ ასიმპტომური მიკროჰემატურია შარდის ბუშტის კიბო აღინიშნება შემთხვევათა დაახლოებით 5%-ში. ხოლო სიმპტომური მიკროსკოპული ჰემატურიის დროს კი შემთხვევათა 10%-ში. ასიმპტომური მიკროჰემატურიის აქტიური სკრინინგი არ არის რეკომენდებული, რადგან ასეთ პაციენტებში სიმსივნის გამოვლენის ალბათობა არ აღემატება 0,5% - ძალიან დაბალი მაჩვენებელია იმისათვის, რომ დასაბუთებული იყოს სკრინინგის მართებულობა. თუმცა სკრინინგი მიკროჰემატურიის გამოსავლენად შესაძლოა ეფექტური იყოს მაღალი რისკის პაციენტებსა და თამბაქოს დიდი რაოდენობით მომხმარებლებში.
>საშარდე გზების ინსტრუმენტული კვლევის მთავარი მეთოდი არის ექოსკოპია. კომპიუტერული ტომოგრაფიით შესაძლებელია ინვაზიური შარდის ბუშტის კიბოსა და მენჯ/მუცლის ღრუს გადიდებული ლიმფური კვანძების შეფასება. ძვლების სკანირების რუტინული ჩატარება არ არის აუცილებელი გარდა იმ შემთხვევბისა, როცა მომატებულია ტუტე ფოსფატაზას აქტივობა ან პაციენტს აღენიშნება ძვლის დაზიანების სიმპტომები.
>შარდის დადებითი ციტოლოგია მიუთითებს სიმსივნურ წყაროზე საშარდე გზებში. თუმცა მოშარდული შარდის უარყოფითი ციტოლოგია არ გამორიცხავს შარდის ბუშტის სიმსივნის არსებობას, რასაც ადგილი აქვს დაბალი გრეიდის შარდის ბუშტის სიმსივნეების დროს. ამიტომ არსებობს ციტოლოგიის შემცვლელი თანამედროვე ტესტები (BTA ტესტი, DNA ციტომეტრია, კარიომეტრი და სხვა).
>შარდის ბუშტის კიბოს დიაგნოსტიკა დამყარებულია შარდის ბუშტის დათვალიერებაზე - ცისტოსკოპიაზე. ცისტოსკოპია შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივი ანესთეზიით შარდის ბუშტის კიბოს დასადასტურებლად. თუ შარდის ბუშტის კიბო უკვე დადგენილია ინსტრუმენტული კვლევებით ან შარდის ციტოლოგიით მაშინ ანესთეზიით კეთდება სიმსივნის ელექტრო-რეზექცია მიღებული ქსოვილის ჰისტოლოგიური კვლევისათვის.
>შარდის ბუშტის კიბოს სტადირება დაფუძნებულია იმაზე, თუ რა შრეებს მოიცავს სიმსივნე (ლორწოვანი გარსი, ლორწქვეშა ფირფიტა, კუნთოვანი შრე), რაც განაპირობებს მკურნალობის ტაქტიკასა და დაავადების პროგნოზს. ჰისტოლოგიური ტიპის დასადგენად უპირატესობა ენიჭება ზედაპირულად აღებულ ქსოვილის ნაჭრებს, თუმცა აუცილებლად უნდა იქნეს შესწავლილი რეზექციის ფუძიდან აღებული მასალაც. ასევე სავალდებულოა შარდის ბუშტის საეჭვო უბნების შეფასება ცივი ბიოფსიით.
>დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარების შემდეგ ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული რასთან გვაქვს საქმე: ზედაპირულ სიმსივნესა (Ta,T1,CIS) თუ ინვაზიური შარდის ბუშტის კიბოსთან (T2 და უფრო მეტი). მკურნალობა და მეთვალყურეობა პრინციპულად განსხვავებულია ამ ჯგუფებს შორის. მკურნალობის შერჩევის დროს ითვალისწინებენ დიაგნოსტიკის მეთოდებით გამოვლენილ უმაღლეს T და G კატეგორიებს.