2024-11-19

ონკოპაციენტების ფსიქოემოციურ მდგომარეობასთან გამკლავების გზები

ონკოლოგიური პაციენტის ფსიქოემოციური მდგომარეობა და მასთან გამკლავების თერაპიული მექანიზმი

ონკოლოგიური პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა:

პირველი ვისთანაც უშუალო კომუნიკაცია აქვს პაციენტს არის ონკოლოგი, მათ შორის ყალიბდება ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა, მნიშვნელოვანია  სწორად მიეწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან პაციენტმა სწრაფად და ადეკვატურად მოახდინოს ადაპტაცია დიაგნოზთან.

ონკოლოგიური დიაგნოზი იწვევს ადამიანში უსაფრთხოდ ცხოვრების შიშს, ამასთან ერთად ის კარგავს კონტროლს სიტუაციაზე, დაავადებაზე, მკურნალობაზე. ზოგადად ცხოვრება მისთვის აღიქმება გაურკვევლად და პესიმისტურად. კლინიკური ფსიქოლოგიის პოზიციიდან ეს მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს როგორც კრიზისული. ეს შეიძლება იყოს ონკოლოგიური გამოცდილების ზღვარი რომელიც ქმნის პოსტტრავმული სტრესული აშლილობის საფრთხეს, რაც ხშირად ვლინდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანებში.

 

 შეიძლება იყოს გამოხატული შემდეგი გამოვლინებებით:

1. განმეორებადი სიზმრები დაავადებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე, ნებისმიერი ტკივილი ან პაციენტისთვის გაუგებარი შეგრძნებები იწვევს ფსიქოსომატურ სიმპტომებს, რომელსაც პაციენტი აკავშირებს დაავადების რეციდივი ან მეტასტაზის მანიფესტაციას.

2. ადამიანი ვერ ახერხებს საუბარს საკუთარ დიაგნოზზე, ონკოლოგთან შეხვედრისას იწყებს ტირილს, აქვს სურვილი დაივიწყოს ყველაფერი, ცდილობს იყოს იზოლირებული სხვა ადამიანებისგან და უჭირს ცხოვრების პერსპექტივის დანახვა.

3. უჭირს ჩაძინება, ადვილად ბრაზდება და არის გაღიზიანებული. უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, აქვს მომატებული შფოთი.

 

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ადამიანები საჭიროებენ მათი ფიზიკური და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქოემოციურ ზრუნვას, ონკოლოგის მთავარი ამოცანა მკურნალობასთან ერთად ემპათიაა, ემპათია ეს არის უნარი შეძლო საკუთარი თავი წარმოიდგინო სხვა ადამიანის ადგილას, მიიღო ის ისეთი როგორიც არის, არ შეაფასო (მომწონს ან არ მომწონს). ემპათია ეხმარება ექიმს შეაფასოს პაციენტის არა მხოლოდ ფიზიკური არამედ მისი შინაგანი მდგომარეობაც, ეს შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც ვერბალურად ასევე არავერბალურად.

ასევე მნიშვნელოვანია ემოციური უსაფრთხოების გათვალისწინება, ადამიანს დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით ცალკე ან მხოლოდ მისი ნებართვით მესამე პირის თანდასწრებით.

დიაგნოზის  შესახებ  ინფორმაციის მიწოდება: რაც მოიცავს როგორც დიაგნოზს ასევე მკურნალობის ყველა ეტაპს.  ინფორმაციის ნაკლებობა ამძაფრებს წარმოსახვას დაავადების შესახებ და ამან შეიძლება გამოიწვიოს დაავადების ფსიქოსომატური დამძიმება. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ყველა ადამიანი მკურნალობაში უდიდეს როლს ანიჭებს ექიმს. პაციენტთან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვა, კვლევების საჭიროების და მნიშვნელობის ახსნა და მკურნალობის დაგეგმვა პაციენტისთვის აღიქმება როგორც მისი მონაწილეობა და ჩართულობა ამ პროცესში და იგი მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს. ეს ეხმარება პაციენტს მოტივაციის შექმნაში, ხდის მკურნალობის მიმართ უფრო პასუხისმგებლობიანს, ის გრძნობს ძალას და მნიშვნელობას თავისი სასიცოცხლო პრობლემების მოგვარებაში. იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ჯანმრთელობაზე.

 

ონკოპაციენტების ზრუნვის ფსიქოლოგიური მეთოდები

ფსიქოლოგიური თანადგომის მიზანს წარმოადგენს ონკოლოგიური დიაგნოზით გამოწვეული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ემოციური, სემანტიკური და ეგზისტენციონალური მხარდაჭერა. 

მხარდაჭერა მიზნად ისახავს პაციენტის მიერ დაავადების მიღებას, მასთან ადაპტაციასა და შესაბამისი ქცევითი მოდელის განვითარებას.

ამგვარად ფსიქოლოგიური დახმარება მიზნად ისახავს პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. 

ტკივილის, გარეგნობის შეცვლის, სოციალური როლის დაკარგვის შიში ნებისმიერი ადამიანისთვის ფსიქო ტრავმის გამომწვევი მიზეზია.

სტრესულ სიტუაციაზე ყველა ადამიანი რეაგირებს ინდივიდუალურად, ეს დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, პიროვნულ მახასიათებლებზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ასევე ფსიქოლოგიურ დაცვის მექანიზმებზე. თუ მკურნალობის დასრულების შემდეგ პაციენტის ემოციური მდგომარეობა ხელს უშლის ფიზიკურ და სოციალურ აქტივობაში ეს მის ცხოვრების ხარისხზე აისახება, ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანი საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, შესაძლებელია საჭირო გახდეს ფსიქიატრის ჩართულობაც.

 

გამოყოფენ ფსიქოლოგიური თანადგომის  რამდენიმე ეტაპს

დიაგნოსტირების, სტაციონარში მოთავსების, ოპერაციის წინა, პოსტოპერაციული, გაწერის, მკურნალობის დასრულების შემდგომი. ყველა ამ ეტაპზე ფსიქოლოგიური დახმარების მიზანი, ამოცანები და მუშაობის მეთოდები განსხვავებულია.

 

ფსიქოლოგიური მუშაობის დროს გამოიყენება კომპლექსური მიდგომა როგორიც არის: ფსიქოლოგიური დიაგნოსტირება, ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაწევა და ფსიქოლოგიური კორექცია. (როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფი) და ფსიქოლოგიური თანადგომა პაციენტის ახლობლებისთვის. (ოჯახური კონსულტაცია)

 

დიაგნოსტირების ეტაპი:

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია რეაქციის გამოხატვის თვალსაზრისით და შესაძლებელია განისაზღვროს შემდეგი დინამიკა, ამ დროს ადამიანს პირველად უწევს შეხება ონკოლოგიურ დიაგნოზთან  მას სჭირდება დაეთანხმოს ექიმს ჩაიტაროს სადიაგნოსტიკო კვლევები და მკურნალობა. ამ დროს პაციენტების უმეტესობას აქვს შფოთვა და დეპრესიული გუნება განწყობა, იმისათვის რომ ამ მდგომარეობამ არ ჩამოაყალიბოს შემდგომი ქრონიკული ფსიქოლოგიური დისტრესი საჭიროა ადამიანთან მუშაობა ისეთი საშუალებებით როგორიც არის დარწმუნების მეთოდი. მედიცინის ფსიქოლოგს ამ მეთოდის გამოყენებისას სჭირდება ონკოლოგიური დაავადებების, მკურნალობის მეთოდების საფუძვლიანი ცოდნა და ასევე კოორდინირებული მუშაობა პაციენტის ონკოლოგთან. როდესაც პაციენტი იწყებს მკურნალობას პირველი შოკის რეაქცია ნელ ნელა მცირდება და ეწყება ისეთი ემოციური რეაქციები როგორიც არის დადებითი და უარყოფითი ემოციის მონაცვლეობა, მკურნალობა დაიწყო, სამედიცინო პერსონალის ყურადღება, სხვა გამოჯანმრთელებული ონკოპაციენტების ისტორიები ქმნის დადებით ემოციას, ხოლო ნეგატიური გამოსავალი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების ქმნის უარყოფით ემოციას. ასეთი მონაცვლეობა ემოციების იწვევს კოგნიტიურ ცვლილებებს, ყურადღების კონცენტრაციის უნარის პრობლემას, აღქმის, მოტორული ფუნქციების ცვლილებებს, ინსომნიას. დიაგნოსტირების პერიოდში დაწყებული ფსიქოლოგიური მუშაობა გრძელდება რადგან მოხდეს ემოციურ და შფოთვით ფონზე მუშაობა. დეპრესიული მდგომარეობის კორექციისთვის გამოიყენება ისეთი მეთოდიც როგორიც არსი არტთერაპია, რომელიც შემოქმედებითი პროცესია, ეხმარება ადამიანს ემოციის გამოხატვაში, დამოკიდებულების შეცვლაში  და მიღებაში. 

 

წინასაოპერაციო პერიოდი: ამ პერიოდს ახასიათებს მომატებული შფოთვა, რაც მოცემულ სიტუაციაში ნორმად ითვლება, ბუნებრივია ანესთეზიის და ტკივილის შიში, ამ დროს ფსიქოლოგის ამოცანაა დაეხმაროს პაციენტს ამ შიშის გადალახვაში

 

ოპერაციის შემდგომი პერიოდი: ამ პერიოდში ხდება წინასაოპერაციო ემოციების შემსუბუქება და თავს იჩენს ასთენიურ-დეპრესიული და შფოთვითი-იპოქონდრიული განწყობები, ადამიანს ეწყება ფიქრი ოპერაციის შემდგომი გართულებების, ოპერაციის შემდგომი პერიოდის ფიზიკური დაღლის და ჰისტომორფოლოგიის მოლოდინის და შემდგომი მკურნალობის პერიოდის შესახებ. ამ დროს ფსიქოლოგის მოვალეობაა განაწყოს პაციენტი შემდგომი მკურნალობისთვის.

 

კლინიკიდან გაწერის ეტაპი: ამ დროს განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მდგომარეობები არ ვლინდება, ზოგ შემთხვევაში პაციენტს აქვს გამოხატული სახლში ექიმის მეთვალყურეობის გარეშე დარჩენის შფოთი, შიში, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია პაციენტის ახლობლების ოჯახის წევრების მომზადება, იმისთვის რომ არ მოხდეს პაციენტის სოციალური იზოლაცია, ამიტომ ფსიქოლოგის მოვალეობაა დაეხმაროს ოჯახის წევრებს შფოთვის და შიშის გადალახვაში, რაც ზოგჯერ მათ უფრო მეტად აქვთ გამოხატული და ეს მდგომარეობა უარყოფით გავლენას ახდენს პაციენტზე. ამ დროს მნიშვნელოვანია ახლობლების სწორი თანადგომა, რაც გულისხმობს პაციენტთან ახლოს ყოფნას, დახმარებას შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები. 

 

მკურნალობის შემდგომი პერიოდი: როდესაც ხანგრძლივი და დამღლელი მკურნალობა დასრულდა პაციენტს უწევს საკონტროლო კვლევებზე სიარული და გამუდმებით იმყოფება შფოთში, დაავადების დაბრუნების შიში იწვევს ქრონიკული დისტრესის მდგომარეობას, ფიზიკურად ადამიანი ჯანმრთელია მაგრამ გამუდმებით შეიძლება ტანჯავდეს შემდგომი ცხოვრების გაგრძელების ფიქრი, სოციალური როლის დაკარგვა რომელიც დაკავშირებულია მკურნალობის ხანგრძლივობასთან, სხეულის ხატის ცვლილებები, ახალ ცხოვრების წესთან შეგუება იწვევს მომატებულ შფოთს რაც უარყოფითად აისახება ცხოვრების ხარისხზე, გამოიხატება ინსომნია, დაქვეითებული გუნება განწყობით, უღონობით, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევით, უმადობის ან გაძლიერებული მადით, სოციალური იზოლაციით, თავდაუჯერებლობით, სასოწარკვეთით, აგრესიული ქცევით.  სწორედ ამ პრობლემის გადალახვაში ეხმარება ადამიანებს თერაპიული ჯგუფები, რომელიც არის სტრუქტურირებული ან ნახევრად სტრუქტურირებული დახურული ფსიქოთერაპიული ჯგუფი, სადაც მუშაობა მიმდინარეობს სამუშაო გეგმის მიხედვით, შეხვედრები არის რაოდენობრივად განსაზღვრული და მაქსიმალურად ორიენტირებული თერაპიულ ეფექტზე. ასეთი ჯგუფის ძირითადი კომპონენტი ემოციური მხარდაჭერაა, ასევე ეს ჯგუფი უზრუნველყოფს ინფორმაციის და განათლების მიწოდებას, შეგუების უნარების გაზიარებას, მიმღებლობას და სოციალური იზოლაციის შემცირებას. 

 

მოსალოდნელი შედეგები: გაზრდილი თავდაჯერებულობა, დაავადებასთან შეგუება, კონტროლის განცდა, პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ჯანმრთელობაზე, სხვებთან უფრო ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარის ჩამოყალიბება, და მკურნალობის მრავალ გამოწვევასთან ეფექტური გამკლავების მექანიზმის ჩამოყალიბება.

  • ნახვები:26

გამოიწერე სიახლეები

არ გამოგრჩეთ კოის სიახლეები