სიმსივნის იმუნოთერაპია - ახალი პარადიგმა ფილტვის კიბოს მკურნალობაში
ფილტვის კიბო, ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა მსოფლიოში. ყოველწლიურად, მისგან გამოწვეული სიკვდილობა (1 590 000) უდრის მსხვილი ნაწლავის, წინამდებარე და სარძევე ჯირკვლის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის ჯამურ მაჩვენებელს.
ფილტვის კიბო, სიმსივნური ქსოვილის შენების მიხედვით, ორ ძირითად ტიპად იყოფა: არაწვრილუჯრედოვანი (NSCLC) და წვრილუჯრედოვანი (SCLC) ფილტვის კიბო.
არაწვრილუჯრედოვანი (NSCLC) ფილტვის კიბო უფრო გავრცელებულია და შეადგენს შემთხვევათა 80%-ს, ხოლო წვრილუჯრედოვანი (SCLC) კი - 20% - ს. შემთხვევათა უმეტესობა დაავადების შორსწასული ფორმაა.
მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალ - The New England Journal of Medicine (NEJM) -ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით - „ ფილტვის კიბოს მკურნალობის უახლესი მიღწევების ეფექტი მოსახლეობის სიკვდოლობაზე“. მასში აღნიშნულია, რომ პირველად, უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში, ფილტვის კიბოთი გამოწვეულმა სიკვდილობის მაჩვენებელმა შემცირება დაიწყო2.
ბუნებრივია ისმის კითხვა, თუ რამ განაპირობა ასეთი ტრანსფორმაცია ფილტვის კიბოს მკურნალობაში?
ფილტვის კიბოს თანამედროვე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდების მეშვეობით, ხდება არამარტო სიმსივნის ქსოვილოვანი შენების, არამედ მისი მოლეკულური ბიომარკერების ღრმა შესწავლა და მათზე მორგებული ე.წ. ზუსტი მკურნალობის შემუშავება. ფილტვის კიბოს ქსოვილი მდიდარია ასეთი ბიომარკერებით, მათგან ყველაზე მეტად ცნობილია შემდეგი - EGFR (ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი), ALK (ანაპლაზიური ლიმფოკინაზა), PD-L1 (პროგრამული სიკვდილის ლიგანდი 1), ROS –(რეცეპტორ თიროზინ კინაზა), და, ასევე, სხვა მარკერები. მათი აღმოჩენა ხდება ფილტვის კიბოს ბიოფსიური მასალის ღრმა, სრულყოფილი მოლეკულური დიაგნოსტირებით, რომელზე დაყრდნობითაც ირჩევა დამიზნებითი (თარგეთული) მკურნალობა.
სწორედ, თარგეთული მკურნალობისა და სიმსივნის იმუნოთერაპიის აქტიურმა გამოყენებამ კლინიკურ პრაქტიკაში, დიდი წვლილი შეიტანა დაავადებით გამოწვეული სიკვდილობის შემცირებაში.
მოკლედ შევჩერდეთ სიმსივნის იმუნოთერაპიაზე - რას ნიშნავს იგი, როგორ ებრძვის იმუნური სისტემა სიმსივნეს და რა სახეობის მკურნალობას მოიცავს იგი.
იმუნური სისტემის კიბოსთან ბრძოლისთვის გამოყენება, ფაქტობრივად, ძველი ზღაპრის ახალი ვარიანტია. 1890-იან წლებში, ნიუ იორკში დამკვიდრებულმა ქირურგმა უილიამ კოლიმ ხელი მიჰყო კიბოს განკურნებისთვის პაციენტებში ბაქტერიების შეყვანას . „კოლის ტოქსინები“, როგორც მათ ახლა ეწოდებათ, გვაწვდიან ერთ-ერთ პირველ მტკიცებულებას, რომ იმუნური სისტემის სტიმულაციით, სიმსივნური წარმონაქმნი ზომაში მცირდება ან ქრება.
უკანასკნელ პერიოდში, თანამედროვე სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო მიდგომები უფრო მეტად ფოკუსირდება იმ გენეტიკურ მუტაციებზე, რომლებიც იწვევენ სიმსივნის ანომალურ განვითარებას3.
ნამდვილი ცვლილება მოხდა მაშინ, როდესაც სიმსივნის ზედაპირზე აღმოაჩინეს იმუნური სისტემის აქტიურობის დამთრგუნველი , ე.წ. „ ჩექფოინთ (საკონტროლო წერტილები) ინჰიბიტორები’. მათ მიეკუთვნება: PD-1, PD-L1, CTLA-4, რომლებიც თრგუნავენ იმუნური სისტემის ძირითადი უჯრედების - T ლიმფოციტების აქტიურობას.
ეს ბიომარკერები ნორმალურ უჯრედებზეც (მათ შორის იმუნურზეც) არის გამოხატული ზომიერი ექსპრესიით. ისინი პრევენციას უწევენ იმუნური სისტემის თვით-აქტივაციასა და აუტოიმუნური პროცესების განვითარებას. სიმსივნის წარმოქმნის შემთხვევაში კი, „ჩექფოინთ“ მარკერების ზედმეტად გაძლიერებული ექსპრესია, უკვე, ამუხრუჭებს იმუნური უჯრედების აქტიურობას და, შედეგად, იმუნური სისტემა დეაქტივირებულია.
დღეისათვის ცნობილია შემდეგი სახის სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები - ე.წ. „ჩექფოინთ“ ინჰიბიტორები: ანტი-CTLA-4, ანტი-PD1 და ანტი-PD-L1. მათი მოქმედების მექნიზმი მოიცავს სიმსივნური უჯრედის ინჰიბიტორულ მარკერსა და იმუნურ უჯრედს შორის კავშირის დარღვევას და იმუნური უჯრედების რეაქტივაციით სიმსივნური უჯრედის განადგურებას.
აღნიშნულ სტატიაში მითითებულია, რომ ბოლო პერიოდში იმუნოთერაპიაზე დაფუძნებულმა თერაპიამ - სპეციფიურად: პროგრამული სიკვდილის ლიგანდ 1 -ის (PD-1, PD-L1) ინჰიბიტორებმა - მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბოს გამოსავალი. რანდომიზებულ, მე-3 ფაზის კვლევებში აღნიშნულმა პრეპარატებმა აჩვენა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის გაზრდა, სტანდარტულ ქიმიოთერაპიულ მკურნალობასთან შედარებით2.
აღნიშნული სამკურნალო სტრატეგიები შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც მონოთერაპიის, ისე კომბინირებული მკურნალობის სახით - ქიმიოთერაპიასთან , თარგეთულ თერაპიასთან, იმუნოთერაპიასთან ერთად.
სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპარატები გამოიყენება ფილტვის კიბოს მკურნალობის როგორც პირველ, ასევე მეორე ხაზში, უკვე, წინასწარ ნამკურნალებ პაციენტებში.
სასიამოვნოა, რომ ქართველ ონკოლოგებსაც აქვთ საკმაოდ ფართო და მდიდარი კლინიკური გამოცდილება- ფილტვის კიბოში სიმსივნის იმუნოთერაპიის გამოყენებისა როგორც კლინიკური კვლევების, ისე დამოუკიდებელი კლინიკური პრაქტიკის ფარგლებში.
ასევე, საქართველოში რამოდენიმე წელია, რაც რეგისტრირებულია ანტი-PD-L1 ჯგუფის სიმსივნის იმუნოთერაპიული პრეპერატი.
1. 1. Ferlay J, et al., GLOBOCAN 2012 v1.0, Cancer Incidence and Mortality Worldwide [document on the Internet]. International Agency for Research on Cancer; 2013 [cited 2016 Nov 21]
2. N Engl J Med 2020;383:640-9. DOI: 10.1056/NEJMoa1916623
3. Cancer Research UK. What is Coley’s toxins treatment for cancer?
- ნახვები:31